04/12/2022
🐶 ძაღლები აქტიური ცხოველები არიან. ხშირად მათი სახლში მარტო დატოვება პრობლემაა, მითუმეტეს თუ არ არიან ამას მიჩვეული. სახლში მარტო დატოვების შემდეგ ყეფენ, ყმუიან, ღრღნიან საგნებს, ანადგურებენ ავეჯს. ამ სტატიაში გასწავლით 6 ხერხს როგორ მოიქცეთ, რომ მშვიდად დატოვოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი მარტო.
1. მნიშვნელოვანია, რომ ძაღლი მივაჩვიოთ მარტო დარჩენას პატარაობიდანვე. მას შემდეგ რაც ლეკვი შეეჩვევა სახლს, გარემოს და გაუჩნდება პატრონის მიმართ ნდობა, შეგვიძლია დავიწყოთ მისი დატოვება მარტო.
2. თავიდანვე ასწავლეთ თქვენს ძაღლს დამოუკიდებლობა. ეს არ ნიშნავს, რომ არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ მუდმივი ზრუნვა და კონტაქტი ძაღლს ხდის თქვენზე მიჯაჭვულსა და ზედმეტად დამოკიდებულს. აუცილებელია ძაღლმა ისწავლოს საკუთარ თავზე ზრუნვა და დამოუკიდებლად ატარებდეს გარკვეულ დროს.
3. დაიწყეთ ძაღლის მარტო დატოვება ჯერ რამოდენიმე წუთით. კარგია თუ ამას გააკეთებთ მაშინ, როცა დაკავებულია თამაშით ან ჭამით. რამოდენიმე წუთში უკან მოსვლით ძაღლი ხვდება, რომ როდესაც წახვალთ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით. შემდეგი ნაბიჯია დატოვოთ მარტო მაშინ, როდესაც არაფრით არაა დაკავებული და ისევ მალევე დაბრუნდეთ უკან. ნელ-ნელა გაზარდეთ სახლიდან გასვლის დრო. ამით თქვენი ოთხფეხა მეგობარი ეჩვევა სახლში მარტო ყოფნას და აღარ ნერვიულობს ამაზე.
4. სახლიდან გასვლის დროს არ არის საჭირო დიდი დამშვიდობების რიტუალის მოწყობა. უმჯობესია სწრაფად დაემშვიდობოთ და ისე გახვიდეთ, რომ არ მისცეთ ძაღლს ნერვიულობის საფუძველი.
5. დატოვეთ ძაღლი მარტო სხვადასხვა დროით: ჯერ 10 წუთით, შემდეგ 15, შემდეგ ნახევარი საათით. ამით მიაჩვევთ, რომ არ უნდა გელოდებოდეთ დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ.
6. სანამ მარტო დარჩენას მიაჩვევთ აუცილებელია, რომ შეუქმნათ უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო. მნიშვნელოვანია, რომ სახლიდან გასვლის დროს შეუზღუდოთ თავისუფალი სივრცე, რათა არ დაიწყოს თქვენი ძებნა მთელს სახლში. ასევე კარგი მეთოდია დაუტოვოთ ძვალ-სათამაშოები მაშინ როდესაც სახლიდან გადიხართ. ამით თქვენი სახლიდან გასვლა ასოცირებული იქნება პოზიტიურ მოვლენაასთან და თან ექნება დრო, რომ გაერთოს.